რუსთაველის თეატრის მუზეუმი ოფიციალურად 1932 წელს შეიქმნა (ბრძანება ¹105 01. 09. 1932 წ.). მისი პირველი გამგე და სულისჩამდგმელი თეატრის მსახიობი ია ქანთარია იყო. იგი წლების განმავლობაში აგროვებდა და ინახავდა იმ ისტორიულ მასალას, რომლის საფუძველზე შეიქმნა და შეივსო მუზეუმის ფონდები.
მუზეუმის ცხოვრება არასდროს ყოფილა მშვიდი, ქვეყნის ყველა ისტორიული მოვლენა მის არსებობაზე აისახა. მუზეუმს განადგურების საშიშროება გასული საუკუნის 30-იან წლებში დაემუქრა, სანდრო ახმეტელისა და მისი ,,ფაშისტური ჯგუფის” დაპატიმრების შემდეგ თეატრში გამოცხადდა შინსახკომის წარმომადგენელი, რომელმაც მოითხოვა ახმეტელთან და მსახიობებთან დაკავშირებული მასალის ფონდებიდან ამოღება და განადგურება. ბატონებმა პაპუნა წერეთელმა და ესტატე ბერიაშვილმა მომავალ თაობებს სიცოცხლის რისკის ფასად შემოუნახეს უნიკალური ისტორიული საგანძური, თეატრის ეზოში ძველი გაზეთებისა და უსარგებლო ქაღალდების კოცონი გააჩაღეს და მეორე დღეს “სამუზეუმო მასალის განადგურების აქტი” მთავრობის წარმომადგენელს ჩააბარეს. ბატონმა ესტატე ბერიაშვილმა თითოეული ფურცელი მალულად შინ გადაიტანა, 20 წელი რუდუნებით მოუარა და 1956 წელს მუზეუმს დაუბრუნა. მუზეუმმა ფუნქციონირება შეწყვიტა 1941-45 წლებში II მსოფლიო ომის დროს. კეთილშობილმა ადამიანებმა მუზეუმში დაცული ეროვნული საგანძური 1949 წლის ხანძარსაც გამოსტაცეს. მუზეუმი 90-იანი წლების თბილისის ომსაც გადაურჩა.
მუზეუმში მოქმედებს:
ხელნაწერთა განყოფილება (8 ათასი ერთეული) - (აკაკი წერეთლის უნიკალური ხელნაწერი პიესისა ,,გელა”, სარეპეტიციო ჩანაწერები ს. ახმეტელის სპექტაკლებისა ,,ლამარა”, ,,ანზორი”, ,,თეთნულდი” და სხვა).
ფოტო-ფონო განყოფილება - (35 ათასი ერთეული)
სახვითი განყოფილება (3 ათასი ერთეული) - (ლ. გუდიაშვილის, ე. ახვლედიანის, ი. გამრეკელის, ს. ქობულაძის, ს. ვირსალაძის, მ. მალაზონიას, გ. ალექსი-მესხიშვილის, სამეულის, მ. შველიძის, თ. ნინუასა და სხვათა ესკიზები).
სარეკლამო განყოფილება - აფიშები და პროგრამები გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან.
ბიბლიოთეკა (4 ათასი ერთეული, მათ შორის - რარიტეტები რუსულ, გერმანულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე).
მემორიალური ნივთები - (ალ. ახმეტელისა და თ. წულუკიძის და სხვათა)
საცნობარო განყოფილება - კატალოგი (რეპერტუარი, გასტროლები, მსახიობთა დატვირთვა, მხატვრები და რეჟისორები).
მუზეუმის ბაზაზე მოეწყო გამოფენები, დაიწერა სამეცნიერო ნაშრომები, გამოიცა რუსთაველის თეატრის შემოქმედებითი ცხოვრების ამსახველი ალბომები და წიგნები. მუზეუმის საცავებში დაცული ფონდები დღემდე მზარდია
Monday, April 12, 2010
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment